საევაკუაციო აივნის მშენებლობა დასრულდა

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, საევაკუაციო აივნის მშენებლობა დაასრულა.

პროექტი, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შესრულდა. ნაგებობა დღეს დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ დაათვალიერა.

ობიექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ, ამ რთულ რელიეფში, მეწყრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში, საევაკუაციო აივანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და არსებულ მშენებლობებზე მომუშავეთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.

პროექტის მიხედვით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარე მთაზე, საავტომობილო გზის ზედაპირიდან 7÷12 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ამოიჭრა 1.5 მეტრი სიღრმის 57÷ 65 ცალი ღიობი, რომელშიც რკინა-ბეტონის კოჭები ჩაბეტონდა. კოჭები ერთმანეთთან 40 სმ სისქის გამაერთიანებელი მონოლითური რკინა-ბეტონის ფილებითაა დაკავშირებული. ამ ნაგებობაზე მოეწყო 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის აივანი, რომელიც, ქვისცვენისგან დასაცავად, სპეციალური ბადით გადაიხურა და ლითონის მოაჯირი გაუკეთდა. აივანზე ასვლა სხვადასხვა ადგილას განთვსებული 4 კიბის საშუალებით არის შესაძლებელი.

საევაკუაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიაზე და მთავრდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. ხალხის ვერტმფრენით ევაკუაცია სწორედ ამ მოედნიდან იქნება შესაძლებელი.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 1 730 000 ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები.